სიღნაღის შესახებ

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის განსაკუთრებულობას უნიკალური არქიტექტურა და ბუნებრივი მდებარეობა განაპირობებს. ქალაქი კახეთის ე.წ. „უბატონო“ მხარის – ქიზიყის შუაგულში, ცივგომბორის ქედის კალთაზე, ზღვის დონიდან 790 მეტრის სიმაღლეზეა შეფენილი და ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების უმშვენიერეს პეიზაჟს გადაჰყურებს.

სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება XVIII საუკუნეში მოხდა, თუმცა, არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის განვითარებაში. სიღნაღისა და ქალაქის ციხე-სიმაგრის ისტორია მეფე ერეკლე II-ის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც 1770 წელს დასახლება ქალაქთა სიაში შეიტანა და მთავარი როლი დააკისრა ლეკებისგან თავდასაცავად. ამავე პერიოდში გაჩნდა თითქმის 5-კილომეტრიანი ციხე-გალავანი 23 კოშკით, რომელსაც იმ დროისთვის მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. სიღნაღის გალავანი დღემდე ერთ-ერთ უდიდეს, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლადაა მიჩნეული არა მხოლოდ კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. ამჟამად გალავანი თითქმის პირვანდელი სახითაა აღდგენილი.
XIX საუკუნეში სიღნაღი აღმოსავლეთ საქართველოს ხელოსნობის, ვაჭრობისა და კულტურის უმსხვილეს ცენტრად იქცა, რადგან სწორედ აქ იკვეთებოდა რამდენიმე სავაჭრო-საქარავნო გზა. ისტორიული ცნობების თანახმად, ქალაქის მთავარ მოედანზე 131 დუქანი და სავაჭრო ფარდული ყოფილა განთავსებული.
ბოლო წლებში განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს პირვანდელი ისტორიული სახე დაუბრუნდა – ჩატარდა ძველი შენობების სარესტავრაციო სამუშაოები, მოპირკეთდა ქუჩები, დაიხვეწა და განვითარდა ინფრასტრუქტურა. დღესდღეობით, სიღნაღი ქალაქ-მუზეუმადაც იწოდება, რადგან დასახლებას თითქმის შენარჩუნებული აქვს 200 წლის წინანდელი ხუროთმოძღვრული სტილი. ციხე-გალავანი, ქართული აგურით ნაშენები სახლები და ხის ჩუქურთმებიანი აივნები, რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩები, მარნები, სარდაფები და, რა თქმა უნდა, განუმეორებელი ხედი – ყოველივე ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის სტუმრებზე.
სიღნაღი რბილი, ნოტიო ჰავით გამოირჩევა. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული – საკმაოდ ცხელი. წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 24.3°C-ია (ივლისში), ხოლო ყველაზე დაბალი - 0.2°C (იანვარში). ყოველწლიური ნალექის ოდენობა 602.1 მმ.-დან 949.7 მმ.-მდე მერყეობს. წლის ყველაზე ნალექიანი პერიოდი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისია.
• კოორდინატები: 41°36′55″N 45°54′46″E / 41.61528°N 45.91278°E / 41.61528; 45.91278
• ქვეყანა: საქართველო
• რეგიონი: კახეთი
• ქალაქის ფართობი: 1251 კმ.2
• სიმაღლე ზღვის დონიდან: 790 მ.
• მოსახლეობა: 3000